English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ალფრედ კურატაშვილი
ადამ სმიტის „უხილავი ხელი“ და კაპიტალიზმის თანამედროვე გამოვლინებები (?!)

ვრცელი რეზიუმე

სამეცნიერო ნაშრომში განხილულია კაპიტალიზმის თანამედროვე გამოვლინებები, რომელთა სიღრმისეული თეორიული საფუძვლები ძევს ადამ სმიტის ეგრეთ წოდებულ „უხილავ ხელში“, მაგრამ რომელი გამოვლინებებიც განსაკუთრებით დამახასიათებელია ზოგიერთი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ფუნქციონირებენ ფსევდოსოციალიზმის ნიადაგზე ველური კაპიტალიზმის განაყოფიერების შედეგად.

განსაკუთრებული ყურადღება სამეცნიერო ნაშრომში ეთმობა, უპირველეს ყოვლისა, იმის პრინციპულად ახლებურ გააზრებას:

რა არის კაპიტალიზმი?!

კერძოდ, ტრადიციულად საყოველთაოდ მიღებული – „კლასიკური“ – შეხედულებისგან განსხვავებით, რომლის თანახმად, კაპიტალიზმის მაჩვენებელია მასში კერძო საკუთრებისა და ბაზრის – საბაზრო ურთიერთობების, არსებობა, ავტორის მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებით, ჯერ ერთი, კერძო საკუთრება და საბაზრო ურთიერთობები დამახასიათებელია არა მარტო კაპიტალიზმისთვის, და, მეორეც, მოცემული ნაშრომის ავტორის მიერ შექმნილი კაპიტალიზმის ჭეშმარიტი არსის თეორიის შესაბამისად, ჭეშმარიტი კაპიტალიზმის არსობრივი ბუნების დამახასიათებელი თავისებურებაა საზოგადოებაში და სახელმწიფოში – „წმინდა“ ეკონომიკური მიზნის ბატონობა, ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის ბატონობა ადამიანზე, რაც ხელს უწყობს ხალხის ძარცვას და დამონებას.

ამასთან, სიღრმისეული თეორიული საფუძვლები, რომლებიც „ათეთრებენ“ კაპიტალიზმის ჭეშმარიტ არსს, ძევს სწორედ ადამ სმიტის ეგრეთ წოდებულ „უხილავ ხელში“, რამეთუ თუ ვიხელმძღვანელებთ ბაზრის ეგრეთ წოდებული „უხილავი ხელით“, მაშინ მივიღებთ ანტისოციალურ სახელმწიფოს, რომელიც ემსახურება ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის ბატონობას ადამიანზე _ მივიღებთ ეკონომიკურ ფაშიზმს, რაც წარმოადგენს ჭეშმარიტი კაპიტალიზმის არსობრივი ბუნების ყველაზე უარეს გამოვლინებას.
ამრიგად, მიუხედავად ადამ სმიტის საყოველთაო აღიარებისა მთელ მსოფლიოში, და მიუხედავად ეკონომიკურ მეცნიერებაში მისი უდავო დამსახურებისა, ამასთან ერთად ადამ სმიტი თავისი მთავარი „სამეცნიერო“ – ეგრეთ წოდებული „უხილავი ხელის“ – იდეით, ავტორის მტკიცებით, ფაქტობრივად არის არა მარტო კლასიკური პოლიტეკონომიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არამედ აგრეთვე ეკონომიკური ფაშიზმის „მეცნიერული“ „ინტერპრეტატორი“ და მისი მეცნიერული საფუძვლების შემქმნელი.

მაშასადამე, კლასიკური პოლიტეკონომია, რომელიც თავის დროზე იყო ეკონომიკური მეცნიერული აზრის დიდი მიღწევა, და რომლის შექმნაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნის ადამ სმიტს, ეს იყო კაპიტალიზმის დაცვის პოლიტეკონომია, და ერთდროულად იყო ეკონომიკური ფაშიზმის დაცვის პოლიტეკონომია, რამეთუ კაპიტალიზმის პოლიტეკონომია – ეს არის ეკონომიკური ფაშიზმის პოლიტეკონომია.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ:

რას ნიშნავს „ეკონომიკური ფაშიზმი“?!

ეკონომიკური ფაშიზმი, ავტორის მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებით, – ეს არის საზოგადოებაში და სახელმწიფოში „წმინდა“ ეკონომიკური მიზნის ბატონობა, ეს არის ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის ბატონობა ადამიანზე.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე განვითარებული კაპიტალიზმი ძირითადად ხასიათდება ადამიანების ცხოვრების მაღალი დონით, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ, ავტორის მტკიცებით, კლასიკურმა კაპიტალიზმმა დიდი ხანია თავისი დრო მოჭამა და ამჟამად განვითარებულმა კაპიტალისტურმა ქვეყნებმა თავს უშველეს კლასიკური კაპიტალიზმის სოციოკაპიტალიზმში ევოლუციური ტრანსფორმაციის გზით.

ავტორი განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ სოციოკაპიტალიზმი, რომლის თეორიაც მის მიერ ადრე შეიქმნა და გამოქვეყნდა ჯერ კიდევ 1990 წელს, ეს არის საზოგადოება, რომელიც კაპიტალიზმის ძირითად ეკონომიკურ მიზანთან – ფული, მოგება, კაპიტალი – ერთად წინა პლანზე წამოწევს და წყვეტს სოციალურ პრობლემებს, მაგრამ ისევ როგორც აუცილებელ პირობას და საშუალებას მისი არსობრივი ეკონომიკური მიზნის რეალიზაციისათვის.

თუმცა, თავისი განვითარების კვალობაზე, სოციოკაპიტალიზმი, როგორც ავტორი აღნიშნავს, სულ უფრო შორდება კაპიტალიზმს და თანდათან მიდის კაპიტალიზმიდან ჭეშმარიტად ადამიანური საზოგადოებისაკენ, რის შედეგადაც პირველ პლანზე სულ უფრო მეტად წამოიწევს სოციალური პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა.

ავტორი ასევე მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ თუ კაპიტალიზმი ხალხის ინტერესებს ემსახურება, მაშინ ეს უკვე კაპიტალიზმი არ არის და, შესაბამისად, ის სხვა სახელს უნდა ატარებდეს.

რაც შეეხება იმის ახსნას:

რა არის ველური კაპიტალიზმის განაყოფიერება ფსევდოსოციალიზმის ნიადაგზე?!

ეს ცნება, რომელიც მეცნიერულ ბრუნვაში შემოტანილია მოცემული ნაშრომის ავტორის მიერ, მის მიერ აიხსნება როგორც შედეგი კონტრრევოლუციური გადატრიალებისა ფსევდოსოციალიზმიდან – ველურ მძარცველურ კაპიტალიზმში, რომლის დეკლარირება ხდება კაპიტალიზმის აპოლოგეტების – მეცნიერების და პოლიტიკოსების მიერ, როგორც „წინსვლა“ (?!).

სწორედ ფსევდოსოციალიზმის ნიადაგზე ველური კაპიტალიზმის განაყოფიერების შედეგად გაძლიერდა „წმინდა“ ეკონომიკური მიზნის ბატონობა საზოგადოებაში და სახელმწიფოში, გაძლიერდა ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის ბატონობა ადამიანზე, რაც იწვევს მრავალი ადამიანის ძარცვას და დამონებას, და რაც კატეგორიულად მიუღებელი და დანაშაულებრივია.

„წმინდა“ ეკონომიკური აზროვნების – „წმინდა“ ეკონომიკური მიზნის ბატონობის, ეკონომიკური ფაშიზმის გამოვლინების მაგალითად, ავტორს მოჰყავს საზოგადოებაში და სახელმწიფოში აზარტული „თამაშების“ – ეგრეთ წოდებული „სათამაშო“ (აშკარად დანაშაულებრივი) ბიზნესის – დაშვება და ფუნქციონირება, ფულისათვის – რაც შეიძლება მეტი მოგების მისაღებად, „წმინდა“ ეკონომიკური მიზნის მისაღწევად – მრავალი ადამიანის თაღლითური ძარცვისა და განადგურების ხარჯზე.

ასეთივე მაგალითს, როგორც სამართლიანად ამტკიცებს ავტორი, წარმოადგენს ადამიანებისათვის მიკროსესხების თაღლითურად თავს მოხვევა მობილური ტელეფონების, ინტერნეტის საშუალებით და სხვა სარეკლამო მახინაციებით, რამეთუ ეს ისეთივე დანაშაულებრივი ქმედებებია, როგორც აზარტული „თამაშები“ „ბიზნესის“ „ნიღბის“ ქვეშ – როგორც ეკონომიკური ფაშიზმის გამოვლინება, როგორც ხალხის რეპრესიების სახესხვაობის გამოვლინება, როგორც დანაშაულებრივი „ბიზნესის“ გამოვლინება, როგორც ხალხის გენოციდის გამოვლინება, როგორც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულის გამოვლინება.

ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრა, ავტორის დასაბუთებული მტკიცებით, შესაძლებელია მხოლოდ მის მიერვე შექმნილი პრინციპულად ახალი მეცნიერული მიმართულებების და პრინციპულად ახალი მეცნიერული თეორიების საფუძველზე – სოციალური მიზნის ფილოსოფიის, ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორიის და თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის თეორიის საფუძველზე.